საიდან მოხვდა კორონავირუსით ინფიცირებული უცხოელი პილოტი „ჰილტონში“ – იმნაძის განმარტება

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ დაკეტილია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იქ რამდენიმე დღის განმავლობაში უცხოელი პილოტი ცხოვრობდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. უცხოელი პილოტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, და ის სასტუმრო „ჰილტონიდან“ კლინიკაში გადაიყვანეს, მანამდე ნომერში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კორონავირუსისგან უკვე რვა ადამიანი განიკურნა

„მოგეხსენებათ, ადამიანები საქართველოში თვითიზოლაციაშიც იმყოფებიან. შესაბამისად, ის ადამიანი თავის ნომერში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც კი დადებითი ტესტი დაუდგინდა, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ დაკეტილია. ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი ის გახდა, რომ აქ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც, სავარაუდოდ, კორონავირუსი აქვს.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, აქედან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ორი კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის. სრული კარანტინია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.