კარანტინი საქართველოში: ორ რაიონში სამხედრო ტექნიკა შევიდა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთ ეკრძალებათ ტერიტორიის დატოვება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ ტემპერატურა მოემატებათ, აუცილებლად უნდა მიმართონ კლინიკას.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, შედის სამხედრო ტექნიკა, ასევე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დატვირთულია კარვებითა და სპეცტექნიკით.

წუხელ საქართველოს მთავრობამ ამ ორ რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება გადაწყვიტა.

კარანტინის პერიოდში საზოგადოებრივ წესრიგს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს, ხოლო თავდაცვის ძალები კოორდინირებას გაუწევენ და შსს-სთან და მარნეულისა და ბოლნისის მუნციპალიტეტებთან კოორდინაციაში დაიცავენ სპეციალურ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს.

გახარია: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადიან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რაიონების მცხოვრებლებმა თავიანთი ტერიტორია არ უნდა დატოვონ.

მისი თქმით, მარნეულში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“ საკარანტინო ცენტრად გარდაიქმნება და ყველა მოქალაქემ, რომელსაც ტემპერატურა მოემატება, ამ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს. იქ მათ კორონავირუსზე შეამოწმებენ.

„სამედიცინო პერსონალი... ყველა სოფელში ესტუმრებიან ყველა ოჯახს და სთხოვენ, თუ სადმე არის ადამიანი ტემპერატურით, აუცილებლად მივიდნენ ამ ჰოსპიტალში. იქ იმუშავებენ ჩვენი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, აიღებენ ყველა სიცხიანი ადამიანის ნიმუშს ცხვირ-ხახიდან და თითოეული ნიმუში გაიტესტება ახალ კორონავირუსზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მისი თქმით, საავადმყოფოში მიყვანილების სინჯები 24 საათის განმავლობაში გადამოწმდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

„სადაც იქნება დადებითი შემთხვევა, ისინი დარჩებიან კლინიკაში და შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანენ უკვე სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკებში, რომლებიც დასახელებულია კორონავირუსის სამკურნალოდ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღეს, დილის 09:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3, კარანტინის რეჟიმში – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

ამასთან, გუშინ, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ ხუთი ადამიანი, მაგრამ ეს ოფიციალურ მონაცემებში ჯერ არ ასახულა.