თბილისი, 23 მარტი — Sputnik. პანდემიის ეპიცენტრში – ჩინეთში ამ დროისათვის საავადმყოფოებში 5 120 პაციენტიღა რჩება, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 90% უკვე განკურნებულია, აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 339 259 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 14 706 და გამოჯანმრთელდა 98 834.
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 25-ს მიაღწია.
COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 22–23 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება:
- მსოფლიო ფასები ნავთობზე მკვეთრად დაეცა ვაჭრობის გახსნისთანავე. Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ღირებულებამ 25,13 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე;
- COVID-19-თან ბრძოლაში პოტენციურად გვეხმარება პრეპარატი Plaquenil-ი, განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა;
- კარდიფის უნივერსიტეტის ეგზობიოლოგმა ჩანდრა ვიკრამასინგჰმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა, როდესაც ჩინეთის თავზე მეტეორიტი აფეთქდა ოქტომბერში;
- საფრანგეთში პოლიციამ 91,8 ათასი მოქალაქე დააჯარიმა გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევის გამო;
- კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში სოციალური ქსელები Facebook და Instagram ვიდეოების ხარისხს დასწევენ, რათა კომპიუტერულ ქსელებზე დატვირთვა შეამცირონ;
- აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებს კორონავირუსთან ბრძოლაში ეროვნული გვარდიის ჩართვის ნებართვა მისცა;
- აშშ-ის ჰოსპიტალური ხომალდი Mercy ლოს-ანჯელესში გაემგზავრება კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
- ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის, COVID-19-ით არის ინფიცირებული;
- აშშ-ის ადგილობრივი ხელისუფლებები ათასობით პატიმარს ათავისუფლებენ საპყრობილეებიდან, რათა ციხეებში კორონავირუსის გავრცელება აღკვეთონ;
- კალათბურთის ეროვნული ასოციაცია (NBA) აცხადებს, რომ 1 მლრდ დოლარს დაკარგავს, თუ კორონავირუსის გამო წლევანდელი სეზონი ჩაიშლება...