ჩიქოვანი: დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება

23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანა, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

კორონავირუსისგან უკვე რვა ადამიანი განიკურნა

23 მარტს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. 

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 67 წლის ქალს დაუდგინდა – ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ეპიდემიოლოგებმა ამ შემთხვევას შიდა გავრცელების ფაქტი უწოდეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გავრცელება სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. 

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანას და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235. 

სუბარი: მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდება

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. 

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.