ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარი ყოველთვის იქნება იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 23 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება, ნათქვამია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

23 მარტიდან საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს... ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება“, – აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა – 3, კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. 

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.