ქუთაისში მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მამაკაცს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 46 წლის გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს - 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.