გამყრელიძე: რეკომენდაციების დაცვით კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას თავიდან ავიცილებთ

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა არის იმპორტირებული ან იმპორტირებულის კონტაქტი
Sputnik

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. თუ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების ტემპი დღეში 2–4  ადამიანით შემოიფარგლება, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწრაფი და ფართომასშტაბიანი გავრცელება ავიცილოთ თავიდან, განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

გამყრელიძე: ამ დღეებში ჩვენ კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული ადამიანები

„ჯერ ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები ქვეყანაში არ გვაქვს. თუმცა, როგორც ატყობთ, ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს მატება 2-3-4 შემთხვევით, თუ ეს ტემპი შევინარჩუნეთ კიდევ, ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში და მეტი სისწრაფით არ იქნა მატება, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ სიტუაცია ამ თვალსაზრისით კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, პირველ რიგში, სოციალური დისტანცირება, კარანტინის, თვითიზოლაციის წესების სწორად დაცვა, აღარ უნდა გადაიხადონ ადამიანებმა დიდი ქორწილები და დაბადების დღეები.

„თუ ჩვენ ყველა იმ წესს დავიცავთ და იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად ახმოვანებს და ყოველდღიურად აძლიერებს, ასე ვთქვათ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებს, მაშინ ჩვენ გვექნება მაღალი ალბათობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი გავრცელება დაავადების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 44 შემთხვევა დადასტურდა, ერთი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 271.

თენგიზ ცერცვაძე: რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ ამას თვენახევარია ვაკეთებთ>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვასა და წესს მოსახლეობისა და დაწესებულებებისთვის ყოველდღიურად ამკაცრებს. იხილეთ აქ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.