ვისაც ექიმის კონსულტაცია სჭირდება – ყველა რესპუბლიკურ საავადმყოფოში!

ყველა იმ პირმა, ვინც თვლის, რომ საეჭვო სიმპტომები აქვს, პირველ რიგში უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ – 15 05.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტიკარაძე: საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის 200 ათას ტესტს მიიღებს

უწყების ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტების გადამისამართება მოხდება.

„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება – ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენს-ცენტრი. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, რომელთაც ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართოთ, საიდანაც პაციენტებს საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ – იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინო ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ყველა იმ მოქალაქემ, ვინც თვლის, რომ საეჭვო სიმპტომები აქვს, პირველ რიგში უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ – 15 05, რის შემდეგაც სპეციალისტები მათ დაუკავშირდებიან და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია. 

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ადრე ინფექციონისტებმა და ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ახლო მომავალში ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. სპეციალისტები ასევე ელოდებიან ინფექციის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევებს – როდესაც პაციენტებმა არ იციან ინფიცირების წყარო, რაც შეიძლება ეპიდემიაში გადაიზარდოს. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან საქართველო ავიაფრენებს ყველა მიმართულებით აუქმებს.

ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ. არსებული რეალობიდან გამომდინარე, საზღვრებზე, „ლარსის“, „წითელი ხიდისა“ და „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეების მოწყობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.