თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ისრაელი და პალესტინა კორონავირუსის წყალობით შერიგდნენ, წერს გაზეთი The Jerusalem Post–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ქვეყნის ხელისუფლებები, COVID 19–თან ბრძოლის მიზნით, ერთობლივი ოპერატიული შტაბის შექმნაზე შეთანხმდნენ.
„საერთო საზღვრების არსებობა არ ტოვებს ადგილს ეჭვებისთვის: საჭიროა თანამშრომლობა და ხისტი ზომების გატარება, რათა ვირუსის გავრცელება აღიკვეთოს“, — ციტირებს გაზეთი პალესტინური მხარის წარმომადგენელს.
სხვა დეტალები აღნიშნული შეთანხმების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ანონიმმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ისრაელმა უკვე გაუგზავნა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის 200 ტესტი.
ასევე ცნობილია ისიც, რომ მანამდე ისრაელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებული არაბები.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ისრაელსა და პალესტინაში COVID 19–ით ინფიცირებულია 433 ადამიანი. გარდაცვლილების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.