საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 40–ს მიაღწია

19 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344,  გამოჯანმრთელდა 1, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 216.
Sputnik

თბილისი,  19 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40–ს მიაღწიან, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე – stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344,  გამოჯანმრთელდა 1, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 216.

„40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან 32 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი არის პრობლემური. რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას, ერთ–ერთი 80 წელს გადაცილებული ასაკის პაციენტია, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით და მისი მდგომარეობა დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, შესაძლოა, დამძიმდეს. აღნიშნულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ჩვენთან ადრე მოთავსებულ ერთ–ერთ პაციენტთან", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ დამარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. დაავადების პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან.