ჩიქოვანი: მიღებულია გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს ის ზომები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს. სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა დაევალა
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ზოგჯერ არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ამიტომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გავამკაცროთ ზომები, განაცხადა პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან დადგენილი შეზღუდვები.

„დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“, – განაცხადა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 40–ს მიაღწია>>

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.