თენგიზ ცერცვაძე: არავინ იცის როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 160 ქვეყანაშია გავრცელებული.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რადგან კორონავირუსი ახალი ტიპის ინფექციაა, არავინ იცის როდის იქნება გავრცელების პიკი,  განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი თქმით, ექსპერტთა ნაწილი იმედოვნებს, რომ გრიპის მსგავსად კორონავირუსის შემთხვევაშიც ეპიდემიის დაღმავალი ტალღა აპრილიდან დაიწყება, თუმცა, კორონავირუსმა შეიძლება სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნოს და ვირუსის გავრცელების პიკი არა მარტში, არამედ ივნისში ან, თუნდაც, ივლისში იყოს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, არავინ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით... ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუმცა, კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 160 ქვეყანაშია გავრცელებული.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 218 815 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 114 ადამიანი.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

19 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტია.