ქართველი ექიმების გასამხნევებლად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა

საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები და სამედიცინო პერსონალი
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქართველი ექიმების მხარდასაჭერად მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის ორგანიზებით „მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართა.

ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

„ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ადრე ექიმებისადმი მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც პირადად მოინახულა თბილისის ინფექციური საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს.

„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე სჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.

ქართველი ექიმების გასამხნევებლად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა

ექიმებისადმი მადლიერება გამოხატეს ასევე იტალიასა და ესპანეთში. ადამიანებმა ფანჯრებიდან და აივნებიდან ხანგრძლივი ტაშით გამოხატეს მადლობა ქვეყნის ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელბის მიმართ, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებიან.