მსოფლიო დღეს

მეცნირებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფისთვისაა სახიფათო COVID-19 – ჩინური კვლევა

ჩინელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს სისხლის ჯგუფსა და კორონავირუსის მიმართ მოწყვლადობას შორის კავშირის დასადგენად, რისთვისაც უჰანისა და შენჩჟენის საავადმყოფოების 2 173 პაციენტის სისხლი შეისწავლეს.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადები II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან — სწორედ ისინი ავადდებიან COVID-19-ით ყველაზე ხშირად, ნათქვამია ჩინელ მკვლევართა ჯგუფის სტატიაში, რომლის პრეპრინტიც* სამედიცინო კვლევების საიტ Medrxiv-ზეა გამოქვეყნებული. 

COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი სისხლის ჯგუფსა და ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ მოწყვლადობას შორის. ამისათვის ექიმებმა ქალაქების უჰანისა და შენჩჟენის სამი საავადმყოფოს 2 173 პაციენტის სისხლის ნიმუშები აიღეს, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ დადგენილი (აქედან 206 გარდაიცვალა).

მკვლევარებმა მანამდე უჰანში მცხოვრები 3694 ჯანმრთელი ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მათ შორის 33,84%-ს პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდა, 32,16%-ს – მეორე, 24,90%-ს – მესამე და 9,10%-ს – მეოთხე ჯგუფის სისხლი. 

აღმოჩენილია კორონავირუსის პირველი ანტისხეული: ქვეყნდება Erasmus-ის ცენტრის კვლევა>>

სამიდან ერთი საავადმყოფოს 1775 პაციენტის სისხლის კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებულთა 25,80%-ს პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდა, 37,75%-ს — მეორე, 26,42%-ს – მესამე, ხოლო 10,03%-ს – მეოთხე ჯგუფის სისხლი.

ანალოგიური შედეგები აჩვენა დანარჩენი ორი საავადმყოფოს 398 პაციენტის სისხლის კვლევამ.  

საბოლოოდ მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობა გარკვეულ დონეზე სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული და II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის ახალი ტიპის კორონავირუსი უფრო სახიფათოა, ვიდრე დანაჩენებისთვის.

*პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე.