თბილისი, 18 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო „ევროვიზია 202“-ის ორგანიზატორებმა კონკურსის გაუქმების შესახებ განაცხადეს.
„მთელ ევროპაში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული გაურკვევლობა და ნიდერლანდების ხელისუფლებისა და სამაუწყებლო კომპანიების მიერ დაწესებული შეზღუდვები ნიშნავს, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და შეუძლებლად მიიჩნია ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროვიზიის“ გუნდმა კონკურსის ორგანიზების ალტერნატიული ვარიანტები განიხილა, თუმცა საბოლოოდ მისი გაუქმება გადაწყდა, აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ მაისში „ევროვიზია“ არ გაიმართება, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მთელ მსოფლიოში „ევროვიზიის“ მთელი ოჯახი ამ რთულ დროში ერთმანეთისადმი მხარდაჭერას და სიყვარულს არ დაიშურებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
სიმღერის კონკურსი როტერდამში 12–16 მაისს უნდა გამართულიყო. კონკურსის გამართვის უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს თელ-ავივში გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. წელს კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა საკუთარი სიმღერით Take Me As I Am.
18 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 204 255-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 243 ადამიანი. ვირუსი მსოფლიოს 160 ქვეყანაშია გავრცელებული.