თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სტატისტიკაზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაც კი არ არის დაფიქსირებული, არასერიოზულია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
მისი სიტყვებით, იგი არც ნოსტრადამუსია და არც ვანგა, შესაბამისად, არ შეუძლია იმკითხაოს „მოვლენების ყველაზე ცუდ განვითარებაზე“.
„სტატისტიკაზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 40 შემთხვევაც კი არ არის დაფიქსირებული, ამ დროისთვის არასერიოზულია. სტატისტიკაზე საუბრობდნენ ჩინეთში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 ათასს მიაღწია. სტატისტიკაზე საუბარი მსგავს შემთხვევებში შეიძლება“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი განმარტებით, არასწორია საუბარი, რომ საქართველოში ბავშვებს შორის ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.
მისი განმარტებით, საბედნიეროდ, ბავშვები კვლავ რჩებიან ინფიცირების დაბალი რისკის ჯგუფში. მათ შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, თუმცა ისინი, როგორც დაავადების გადამტანები, ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენენ მათი ბებიებისა და ბაბუებისთვის.
კორონავირუსით ინფიცირებული ყველა მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მოხალისეთა ინსტიტუტის აქტიურობას, იმნაძის სიტყვებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ის დაწესებულება არ არის, რომელმაც შეიძლება გამოიყენოს მოხალისეების მომსახურება.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა – ერთი. კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.