თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის სიმპტომების თვითმკურნალობისას თავი აარიდეთ იბუპროფენისა და მისი შემცველი პრეპარატების მიღებას, ასეთი რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, წერს გერმანული გამოცემა WELT.
მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს კვლევები იბუპროფენის მიღების შემთხვევაში COVID-19-ით სიკვდილიანობის შესაძლო რისკების დასადგენად.
„ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ იბუპროფენი [COVID-19-ის შემთხვევაში] ზრდის სიკვდილიანობის რისკს, არ გამოქვეყნებულა. კვლევები არასაკმარისია, ექსპერტები ჯერჯერობით სწავლობენ მონაცემებს. ამ დროისათვის ჩვენი რეკომენდაციაა, უპირატესობა პარაცეტამოლს მიანიჭოთ და არ გამოიყენთ იბუპროფენი თვითსამკურნალოდ“, — განაცხადა ჯანმოს პრეს-მდივანმა.
ლინდმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იბუპროფენი ექიმის მიერაა დანიშნული სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, მაშინ მისი მიღება დასაშვებია.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 185 067 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლლია 7 330 და განკურნებულია 80 236 კაცი.