თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, განაცხადა ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ 15 პაციენტის ტესტიდან დადებითი პასუხი ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.
„ეს პაციენტი არის ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ახლა ჩვენთან (ინფექციურ საავადმყოფოში) წევს 29 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.