თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენრო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აგრარულ ბაზრებს რეკომენდაციებს აძლევს, განუცხადეს უწყებაში საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს.
კერძოდ, სურსათის სააგენტო აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, ტერიტორიები ხშირად გაასუფთაონ და ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმალურად გამოიყენონ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია, სველ წერტილებთან განათავსონ ხელის დაბანის ინსტრუქცია, გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსონ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, უცხოელებს საზღვრის გადმოკვეთა ეკრძალებათ.
საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.
ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.
საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.