16 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
როგორ დავუხვდეთ ვირუსებს, მათ შორის COVID-19-ს მზადყოფნაში? – კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება ამ დღეებში. რა უნდა გავაკეთოთ? – ამ კითხვას „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე პასუხობს.
– პასუხი ჩვენს იმუნურ სისტემას აქვს – ის ძლიერი უნდა იყოს. იმუნური სისტემის უჯრედები და დაცვის სხვა ფაქტორები წარმოადგენს ჩვენს დამცველ გვარდიას ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ.
* თუ თქვენ მწეველი ხართ, შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თამბაქოს მოხმარება – ის ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებათა განვითარებას, ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციების წარმართვისთვის.
* შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
* საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალური ნივთიერებებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
* თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები.
* აკონტროლეთ წონა.
* თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის – მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია.
* აუცილებელია სრულფასოვანი ძილი – ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად.
* ივარჯიშეთ – რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით.
* აკონტროლეთ სტრესის დონე – სტრესის ჰორმონების ზეგავლენით ანთებითი პროცესების გააქტიურება ხდება. მცირდება იმუნურ რეაქციებში მონაწილე უჯრედების რიცხვი.
* და, ბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები – დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშემცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ.
ჯანმრთელობას გისურებთ!