ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ოთხს მძიმე პნევმონია აქვს

ოთხი პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, თუმცა ისინი მკურნალობას ექვემდებარებიან. დაწყებული მკურნალობის ფონზე არის სტაბილური ვითარება.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის რვა ადამიანს პნევმონია აქვს, აქედან ოთხს – მძიმე, განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავისუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33–მდე გაიზარდა>>

მისი თქმით, ოთხი პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, თუმცა ისინი მკურნალობას ექვემდებარებიან. დაწყებული მკურნალობის ფონზე მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმები იმედოვნებენ, რომ დაავადება არ განვითარდება.

„ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება, ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება, გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პაციენტს, რომლებსაც პნევმონია აქვთ, ეზუგბაიას განცხადებით, მათთან დაავადება საშუალოზე მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თუმცა, მისი თქმით, ამჟამად სტაბილური სიტუაცია არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შენარჩუნდება, ამიტომ სპეციალისტები ფრთხილად საუბრობენ, რადგან ყოველ წუთს შეიძლება რომელიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს.

„მიუხედავად მკურნალობისა, დაავადების პროგრესირება შესაძლოა ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში. ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ, როცა ვლაპარაკობთ და სტატუსებს ვაფასებთ... ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მდგომარეობის დამძიმება. ვიმედოვნებთ, რომ ასე არ იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარში კი 54 პაციენტია მოთავსებული.