თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში კიდევ 13 ადამიანი მოათავსეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო პოლიციამ საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 55 ადამიანი გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, რომელსაც უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

საქართველოს პენიტენციურმა დაწესებულებებმა კონტროლი გაამკაცრეს

ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

ბოლო დროს თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში ჯამში 55 ადამიანია იძულებით გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ შემოღებულ რეგულაციებს.

18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირით იკრძალება>>

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 637 ადამიანია, სტაციონარებში კი 54 პაციენტია მოთავსებული.