საქართველოს პენიტენციურმა დაწესებულებებმა კონტროლი გაამკაცრეს

ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობების გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დროებითი მოთავსების იზოლატორში ცხრა ახალი ბრალდებული კორონავირუსზე სპეციალური შემოწმების გარეშე არ დაუშვეს, იუწყება საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

„ერთი კვირაა, რაც იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5 – ქალთა, N8 – გლდანის საპატიმრო და N2 – ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობების გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება. თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს. ხოლო თუ ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ასეთი ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და იგი შემდგომი დაკვირვებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საგარეო უწყება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

მანამდე კორონავირუსის პანდემიის გამო პრობაციონერები 14 აპრილამდე გათავისუფლდნენ პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოში 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის აუცილებელი კარანტინი შემოიღეს.

თავად ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში რიგი მსახურება შეწყვეტილია.

ასევე ქვეყანაში გაუქმდა ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა.