ჩაგვრთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებებში: „წითელი ჯვარი“ განცხადებას ავრცელებს

მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ღონისძიებებში და გაიარონ სათანადო მომზადება
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურად დაუცველ,  ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ბინაზე მომსახურებას უწევს, აცნობა „Sputnik საქართველოს“ წითელი ჯვრის საზოგადოების პრესსამსახურმა. 

საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიებს. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და „სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ“.

გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ჯვარი, ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 ფილიალის ბაზაზე, ბინაზე მომსახურებას გასწევს როგორც სამედიცინო, ისე სოციალური საჭიროებების შესაბამისად —  პროდუქტების, ჰიგიენური ამანათებისა და მედიკამენტების მიტანას.

„მივმართავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ჩართონ საქართველოს წითელი ჯვარი თავისი გუნდით და კარგად დატრენინგებული მოხალისეებით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მადლობას ვუხდით ბატონ ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, — აღნიშნეს „წიტელი კვრის“ პრესცენტრში.

მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ აღნიშნულ ღონისძიებაში და გაიარონ სათანადო მომზადება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გააქტიურებული აქვს ცხელი ხაზი ნომერზე: 2 96 10 92; 595 50 80 71; 599 00 98 60.