„ვიზეარი“ საქართველოდან ოთხი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს

მგზავრობის საფასური მგზავრებს 120 პროცენტის ოდენობით „ვიზეარის“ ბალანსზე დაუბრუნდებათ, სარგებლობას კი მომდევნო 24 თვის განმავლობაში შესძლებენ.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოდან ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით სამ აპრილამდე ფრენებს შეაჩერებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რეისების შეწყვეტა ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდება. საქართველომ მარტში პირდაპირი ფრენები შეაჩერა იტალიასთან, ასევე შემოიღო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი მგზავრებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან. საქართველოს ყველა აეროპორტში 2020 წლის იანვარ-თებერვალში შესრულდა 2 923 რეისი, რაც 11%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

მგზავრობის საფასური მგზავრებს 120 პროცენტის ოდენობით „ვიზეარის“ ბალანსზე დაუბრუნდებათ, სარგებლობას კი მომდევნო 24 თვის განმავლობაში შეძლებენ.

მგზავრებს ასევე ექნებათ თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს მეტ დროს მოითხოვს და ამის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მგზავრებს დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური 100 პროცენტის ოდენობით.

ის მგზავრები კი, რომელთაც ბილეთები სხვადასხვა სააგენტოს საშუალებით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამ სააგენტოებს.