COVID 19 საქართველოში: თვითიზოლაციის წესის დარღვევის 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 42 ადამიანია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. დღეს თვითიზოლაციის წესის დარღვევის კიდევ  20 ახალი ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.  

საქართველოში კორონავისუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33–მდე გაიზარდა

მონიტორინგის დროს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა თბილისში, მცხეთაში, კახეთში, ქვემო ქართლში,  აჭარაში, გურიასა და იმერეთში.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 42 ადამიანია გადაყვანილი.

 

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 მარტის მინაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33–ს მიაღწია.

აქედან პირველი ინფიცირებული, როგორც პირველმა ტესტმა აჩვენა, უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა მყარი პასუხის მისაღებად ამ დროისათვის მას დამატებითი ტესტი უტარდება და პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ამ დროისათვის მსოფლიოს 142 ქვეყანაში კორონავირუს COVID 19–ით ინფიცირებულია 156 400 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 833 და განკურნებულია 73 968 პაციენტი.