საკოორდინაციო საბჭო:  სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს

როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერმა გახარიამ განაცხადა,  დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მარაგი არ გაქრება“ – ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს>>

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის, იზღუდება გადაადგილება მეზობელ ქვეყნებთან. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება.

 კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა, აღინიშნა, რომ სასურსათო ბაზარზე შექმნილ გარკვეულ პანიკას საფუძველი არ აქვს.

როგორც საბჭოს სხდომაზე გახარიამ განაცხადა,  დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება>>

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა, ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.