საპატრიარქო მრევლს რჩევებით მიმართავს: ხშირად გამოიყენეთ ნაკურთხი წყალი, ილოცეთ

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირადი ჰიგიენის დაცვას. ასევე, დასაშვები ხდება, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ჭიქებით
Sputnik

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს.

საქართველოში ეკლესიებსა და ხატებს დეზინფექციას ჩაუტარებენ>>

საქართველოს ეკლესია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

„ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ „იესოს ლოცვა“, ან მოკლედ, - „უფალო შემიწყალე“. როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მრევლს ასევე მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას.

სამების ტაძარში კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფექცია ჩაატარეს - ვიდეო

ასევე, უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო სასულიერო პირებს სთხოვს, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც ავადმყოფებს უვლის.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით,  15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე, ყველა ტაძარში დაირეკება ზარები და ერთდროულად აღევლინება ლოცვები.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან ოთხი არასრულწლოვანია>>

14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 439 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.