პური შეფუთულ მდგომარეობაში უნდა გაიყიდოს – მომხმარებელთა ფედერაცია რეკომენდაციას გასცემს

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, პურის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქტი მაღაზიებს მთლიანად შეფუთულ მდგომარეობაში უნდა მიაწოდონ, ასეთია მომხმარებელთა ფედერაციიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია.  

ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

რეკომენდაციები ძირითადად ქსელური მარკეტების, ჰიპერმარკეტებისა და მწარმოებელი კომპანიების მისამართით გაიცა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და მაღაზიების მეპატრონეებმა დაიცვან თავიანთი და სხვების ჯანმრთელობა.

„ადამიანები არჩევის დროს ეხებიან პროდუქტს, შემდეგ კი ამას სხვა მომხმარებელი ყიდულობს. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და მოახდინონ შეფუთული პურის რეალიზაცია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა საცხობებში, ე.წ. თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას“, – განაცხადა მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ.

კოიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, თბილისსა და ბათუმში თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით არაერთმა კვების ობიექტმა, რესტორანმა დროებით შეაჩერა მუშაობა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.