იტალია კორონავირუსის გამო ესოდენ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, მათ შორის იმის გამოც, რომ ქვეყანა ცნობილია სიცოცხლის ხანგრძლივობით და იქ ბევრი უფროსი ასაკის, ანუ დღეგრძელი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსი კი ყველაზე იოლად სწორედ მათ ერევა, ასეთია ექსპერტების ვარაუდი.
იტალია იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-მა შეუტია და ის აშკარად არ იყო მზად თავდაცვისთვის.
გარდა ამისა, ზოგი მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაშია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას ყოველწლიურად 5 მლნ ჩინელი ტურისტი სტუმრობს.
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 113 კაცს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 1 015 და განკურნებულია 1 045 პაციენტი.