თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და იგი მოტყუებით დაარწმუნა, თითქოს შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით დაეხმარებოდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.
აღნიშნული თაღლითური განზრახვით ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 ათასი დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.
გამოძიება „თაღლითობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.