განათლების სამინისტრო: არ დავუშვებთ, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ

მთავრობის მიერ 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს ვაიძულოთ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართული, ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი თავდაპირველად 2-დან 16 მარტამდე შეწყდა. თუმცა, მთავრობის მიერ 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიურ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე არ შემიძლია გადავჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება, თუმცა თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ზოგადი განათლების საფეხურზე სკოლისა და მასწავლებლების დისტანციური კომუნიკაცია მშობლებთან და მოსწავლეებთან იქნება. რა ფორმებით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო, დღეს, დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა დგებუაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო ყველა დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.