პრობაციონერები ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. პრობაციონერებს 14 აპრილის ჩათვლით ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სხვადასხვა ზომას მიმართავს.

მინისტრის თქმით, პრობაციონერებს 14 აპრილის ჩათვლით გამოუცხადებლობა ჩაეთვლებათ საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამას არ მოჰყვება.

„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. გამოუცხადებლობა ყველას ჩაეთვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამას არ მოჰყვება", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.

საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის>>

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეჩერდეს ერთი თვით – 13 აპრილამდე.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ყველა სამთავრობო უწყება, ასევე პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.