ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საქართველოს მთავრობამ კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა>>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტლების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს" – მიუღებელია ასეთი მიდგომა", – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პაციენტია.

ტიკარაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ მიგვაჩნია საჭიროდ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ამ დროისთვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.