ჯანდაცვის და NCDC-ს ცხელი ხაზი მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის უფასო გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში, 116 001-ზე დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00 საათამდე. ინფექციური საავადმყოფოს „ცხელი ხაზია“ 595 395 566.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) „ცხელი ხაზის“ ნომრებზე „მაგთისა“ და „ბილაინის“ ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო თავად კომპანიებმა მიიღეს.

კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება

„ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია", – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს განცხადება გაავრცელა კომპანია „სილქნეტმაც", სადაც აღნიშნულია, რომ 13 მარტიდან „სილქნეტის" ფიქსირებული და „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ინფექციური საავადმყოფოს ცხელ ხაზზე დარეკვა უფასო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის „ცხელი ხაზის“ სამუშაო საათები და 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00 სთ-მდე. ინფექციური საავადმყოფოს „ცხელი ხაზია“ 595 395 566.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.