თბილისი, 12 მარტი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერია სათანადო ღონისძიებებს გაატარებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის>>
კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლის მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა", – განაცხადა კალაძემ.
მან ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა მერიის ხელმძღვანელ პირებს.
„ასევე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება", – განაცხადა მერმა.
ამას გარდა, სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიის და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ. შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის-ცენტრზე.
მერმა მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.
დიდი ქორწილები და ქელეხები, შესაძლოა, აიკრძალოს>>
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.