მსოფლიო დღეს

COVID-19: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია შესაძლოა ჩაიშალოს

რუსი დეპუტატის თქმით, აპრილის სესიის ჩაშლა სრულიად კანონზომიერი იქნება იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ჩაშლის საფრთხე ემუქრება კორონავირუსის გამო, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, კორონავირუსის აფეთქების გამო, შეიძლება აღარ ჩაატაროს საგაზაფხულო სესია, რომელიც სტრასბურგში 20–24 აპრილსაა დანიშნული“, — წერს სლუცკი საკუთარ Telegram-არხზე. 
ლავროვი თბილისში არ ჩამოვა – ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში გაიმართება

დეპუტატის თქმით, აპრილის სესიის ჩაშლა სრულიად კანონზომიერი იქნება იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

არ არის გამორიცხული, რომ ამავე მიზეზით ეჭვქვეშ დადგეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარებაც. მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარება თბილისში იგეგმებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქვეყანაში შემოსვლა გააპროტესტა, მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგში გადაწყდა.

ამ დროისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა, რომელმაც ეს სტატუსი 2019 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო. საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს.