გახარია: სკოლებში 1 აპრილამდე გადაიდო სწავლა, ჯარში კი გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე მთავრობაში, სასკოლო დაწესებულებებსა და სავალდებულო ჯარში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებზე ისაუბრა.
Sputnik
გახარია: სკოლებში 1 აპრილამდე გადაიდო სწავლა, ჯარში კი გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა
„მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აპრილამდე გადაიდო სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ყველა ორგანო საგანგებო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს.