COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ ვიზიტები გააუქმა

პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტი უნდა გამგზავრებულიყო ბელგიაში, უკრაინასა და ბულგარეთში
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საფრთხის გამო თავისი საზღვარგარეთული ვიზიტები გააუქმა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვიზიტები გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში, რომლებიც უახლოეს მომავალში იყო დაგეგმილი, და ამის შესახებ ის პარტნიორებს აცნობებს.

შეუშლის თუ არა კორონავირუსი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრას ხელს

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

10 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში თერმოკამერები დაამონტაჟეს>>

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.

საქართველოში ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების 23 შემთხვევა.