თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უჰანში ყველა ის დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა, რომლებიც COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში, იუწყება ჩინური მასმედია.
„უჰანის სტადიონზე 10 მარტს დროებითი ჰოსპიტლის „უჩანის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. უჰანის ყველა დროებით ჰოსპიტალს შორის „უჩანი“ ყველაზე ბოლოს გადავიდა „დასვენების რეჟიმში“. დღეს პაციენტთა ბოლო ჯგუფი სრულად გაეწერა საავადმყოფოდან“, — წერს გამოცემა ThePaper.cn.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 544 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. სულ ჩინეთში გარდაიცვალა 3 136 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 60 090 პაციენტი.
COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 031 პაციენტი.