თბილისში გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების დაფინანსებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

დედაქალაქის ხელისუფლება წელს 180 დაავადებულის დახმარებას აპირებს, რაზეც მერიის ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარი გამოიყო
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისში დაიწყო განაცხადების მიღება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის მერია აუტიზმის მქონე უფრო მეტ ბავშვს დააფინანსებს

პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ყიდვაში დაეხმარებიან ამ დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლამდე ადამიანებს. საუბარია ვირადღირებულ მედიკამენტებზე „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით““, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

დედაქალაქის ხელისუფლება წელს 180 დაავადებულს დაეხმარება, რაზეც მერიის ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარი გამოიყო

ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა შესაბამისი ვაუჩერის მიღება, ხოლო ვაუჩერის მისაღებად – განცხადების შეტანა თბილისის მერიაში. დეტალურად იხილეთ მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.