COVID-19 - ბოლო ცნობები

რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს

„1918 წლის გრიპის პანდემიას 25 კვირაში 25 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. შეიძლება იგივე ახლაც განმეორდეს? არა, იმიტომ რომ ამაზე უკეთესად პანდემიასთან ბრძოლისთვის არასდროს ვყოფილვართ მზად“, — წერს ესპანელი მიკრობიოლოგი
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არა ახალი კორონავირუსის გავრცელებას პანდემიად, ეს მაინც სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ის დაახლოებით თვენახევარში ასზე მეტ ქვეყანას მოედო, წერს ესპანური გამოცემა The Conversation–ი. 

როდის შეწყდება COVID-19-ის გავრცელება მსოფლიოში – ექსპერტი სავარაუდო თარიღს ასახელებს

აღსანიშნავია, რომ პანდემია განისაზღვრება არა  ვირუსის ლეტალურობით, არამედ მისი გაოგრაფიული გავრცელებით. 

ნავარის (ესპანეთი) უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი იგნასიო ლოპეს გონი, რომლის პუბლიკაციასაც აქვეყნებს გამოცემა, მიიჩნევს, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში შიშის პანდემიაა გავრცელებული, ვინაიდან პლანეტის მედიასაშუალებები სწორედ COVID 19–ით არიან „შეპყრობილები“. თუმცა, მისი თქმით, ამ დროისათვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„არასწორი იქნება ვთქვათ, რომ COVID-19-თან დაკავშირებით კარგი ამბები მოდის, მაგრამ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მიზეზი იმისა, რომ ვირუსის შეკავება და დაძლევა შესაძლებელია“, — აცხადებს მიკრობიოლოგი.

მისი თქმით, ასეთი მიზეზებია:

  1. ვიცით, რასთან გვაქვს საქმე: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა და უკვე ათი დღის შემდეგ ცნობილი იყო, რომ SARS–ის ჯგუფის კორონავირუსი იყო. მიიჩნევა, რომ COVID –19–ის მუტაცია არც ისე მაღალია.
  2. ვიცით, როგორ აღმოვაჩინოთ ვირუსი: კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი უკვე 13 იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი.
  3. ჩინეთში ვითარება უმჯობესდება: ქვეყანაში, რომელიც ეპიდემიის კერად იქცა, ვითარება დღითი დღე უმჯობესდება.  ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი იკლებს. სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს საგულდაგულო ეპიდემიოლოგიური კონტროლი. აფეთქებები ფრიად სპეციფიურია, რაც აიოლებს ვირუსის კონტროლს.
  4. დაავადების 81% მსუბუქია: მართალია, შემთხვევათა 14%-ს მძიმე  პნევმონიის გამოწვევა შეუძლია, ხოლო 5% შესაძლოა კრიტიკული ან ლეტალური გახდეს, მაგრამ აქამდე უცნობია, რეალურად როგორი შეიძლება იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი — შესაძლოა ის იმაზე დაბალიც გამოდგეს, ვიდრე ახლა მიგვაჩნია.
  5. ადამიანები იკურნებიან: ინფიცირებულ ადამიანთა დიდი უმრავლესობა განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაახლოებით 13–ჯერ ჭარბობს გარდაცვლილების რაოდენობას და ეს მაჩვენებლი იზრდება.
  6. ბავშვებში სიმპტომები იოლი ფორმით ჩნდება: და ისინი იმდენად სუსტია, რომ შესაძლოა ვერც შევნიშნოთ. ამასთან, 20 წლამდე ასაკის ადამიანებში დაავადება მხოლოდ 3%-ს გამოუვლინდა, ხოლო 40 წლამდე ინფიცირებულთა რაოდენოობა მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს.
  7. ვირუსი შეგვიძლია „წავშალოთ“: ზედაპირებიდან კორონავირუსი ეფექტურად, სულ ერთ წუთში ნადგურდება ეთანოლით (62-71%), წყალბადის ზეჟანგით (0,5%) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით (0,1%). ხელების ხშირი დაბანა წყლითა და საპნით, ინფიცირების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური მეთოდია. 
  8. მსოფლიოს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ: ჩატარებულია წინასწარი სამუშაოები ვაქცინების, მკურნალობის, ეპიდემიოლოგიის, გენეტიკის,  ფილოგენიის, დიაგნოსტიკისა და სხვა მიმართულებებით. გამოქვეყნებულია დაახლოებით 700 ავტორის სამეცნიერო სტატია. 2003 წელს, როდესაც ატიპური პნევმონია გავრცელდა, წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა ამის ნახევარი სტატიების დამუშავებას.
  9. არსებობს ვაქცინების პროტოტიპები: უკვე არსებობს რვაზე მეტი პროექტი ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. ქვისლენდის (ავსტრალია) უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს პროტოტიპის შექმნაზე. და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ვაქცინა რეკორდულად მოკლე დროში იქნება ხელმისაწვდომი.
  10. ტარდება ანტივირუსული ცდები: ამ დროისათვის ტარდება ანტივირუსული პრეპარატების 80–ზე მეტი კლინიკური გამოცდა. ეს პრეპარატები წარმატებით იყო გამოყენებული სხვა ინფექციების შემთხვევაში და ისინი უსაფრთხოა. ერთ–ერთი მათგანია რემდესივირი, რომელიც ადამიანებზე წარსულში გაიტესტა. კიდევ ერთი საცდელი „კანდიდატია“ ქლოროქინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალება,  რომელიც ასევე ფლობს უძლიერეს ანტივირუსულ თვისებებს. სხვა  კვლევები ეფუძნება ოსელტამივირისა და ინტერფერონ-1b–ს გამოყენებას.
„1918 წლის გრიპის პანდემიას 25 კვირაში 25 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. შეიძლება იგივე ახლაც განმეორდეს? არა, იმიტომ რომ ამაზე უკეთესად პანდემიასთან ბრძოლისთვის არასდროს ვყოფილვართ მზად“, — წერს იგნასიო ლოპეს გონი.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 111 362 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 3 892 და გამოჯანმრთელდა 62 392 კაცი.