რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია

„120/30“ – რომ არა უცხოელი დიპლომატების ძალისხმევა და „ქართული ოცნების“ ლიდერების კეთილი ნება, ოპოზიცია ამ შედეგებზე ვერც კი იოცნებებდა.
Sputnik

ფაქტობრივად, ის უზარმაზარი ფორა, რომელიც ხელისუფლებას 73 მაჟორიტარის მეშვეობით ჰქონდა, განახევრებულია. ახლა ნამდვილად შეუძლია ყველა პარტიას, 1%-იანი ბარიერის პირობებში, აჩვენოს, როგორ პასუხობს თანამედროვე საქართველოს გამოწვევებს. დიახ, 150 დეპუტატიც ბევრია 3,5 მილიონიანი ქვეყნისთვის, საიდანაც მოსახლეობის 20 პროცენტი მაინც სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად გაქცეულია, მაგრამ რახან აქამდე იტანდა ქვეყანა დიდი ბიუროკრატიის რჩენას, ალბათ, მომავალშიც გაუძლებს. მთავარია, არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ სტაბილურობა უზრუნველყოს.

მოლაპარაკების მონაწილე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ 14 ნოემბრის სცენარი გამეორდება და ხელისუფლება ისევ ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის შესახებ. თუმცა ბრიფინგზე პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნათლად განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანუ 112 ხმის მობილიზება არაა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის თემა. უკვე გამოჩნდა პირველი დეპუტატი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას ხმას არ მისცემს. ეს ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტი და ოთხი მოწვევის დეპუტატი კახა ოქრიაშვილია.

არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ

მოლაპარაკების პათოსის გაზიარებას აპირებს უმრავლესობის უმრავლესობა. თუმცა ოპოზიციაშიც არიან ისეთები, ვინც წინასწარ ამბობს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მაგალითად, უმრავლესობიდან არცთუ დიდი ხნის წინ წასული ლევან კობერიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, თუ თბილისში მხოლოდ 5 მაჟორიტარული ოლქი დარჩება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი რომან კუსიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი დაახლოებით ასე გადანაწილდება:

თბილისი – 8, კახეთი – 2. აქ ხაზგასმულია, რომ თელავსა და გურჯაანს ერთი დეპუტატი ეყოლება. 

ქვემო ქართლი – 3, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და ნაღდი – მეჭიაური. რომან კუსიანის აზრით, მცხეთა-მთიანეთში მეჭიაური გაიმარჯვებს, თუმცა არც დიმიტრი ხუნდაძე აპირებს, ასე იოლად შეელიოს მაჟორიტარობას, თუ სიაში ადგილი ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი პოსტი არ შესთავაზეს.

ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამცხე-ჯავახეთს, ერთი – რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. აქაც, როგორც კუსიანი ვარაუდობს, გოჩა ენუქიძე იქნება უცვლელად. მიუხედავად მმართველ პარტიებთან სიახლოვის სიყვარულისა, ენუქიძე ამომრჩევლებთან სიახლოვითაც გამოირჩევა და საკუთარ ჯიბესაც ხსნის ხოლმე ადამიანების დასახმარებლად.

გურულების, კერძოდ, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის გულისწყრომა გამოიწვია გურიის სამივე რაიონისთვის ერთი დეპუტატის შეთავაზებამ.

იმერეთს 5, სამეგრელოს 3 და აჭარას 3 წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია: საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ვადები იწურება

წარმოდგენილი სქემიდან ჩანს, რომ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას დიდი ძალისხმევა და კარდაკარის ჩატარება მოუწევთ, რათა მაჟორიტარობის რეალური კანდიდატები გამოკვეთონ.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე ფიქრი და შეთანხმებები უკვე დაწყებულია.

თუმცა აქაც ოპოზიციის დაპირება, რომ რეალურ კანდიდატს გამოკვეთენ და მას დაუჭერენ მხარს, თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. საქმე ისაა, რომ ამ შეთანხმებას არ უერთდება „ლელო“ და ის 30-ს თუ არა, მაჟორიტარობის 20 კანდიდატს მაინც დაასახელებს.

არც „პატრიოტთა ალიანსის“ ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს აუღიათ ამ მხრივ რაიმე პასუხისმგებლობა.

ასე რომ, ამომრჩეველს ამ 30 ოლქშიც საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრიდან მოუწევს არჩევანის გაკეთება.

საკონსტუტუციო ცვლილებების კალენდარი კი ასე გამოიყურება: მიმდინარე კვირაში უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ფურცელზე გადატანას და ინიცირებას აპირებს, მომავალ კვირაში საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.

ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვებიც ერთ თვეს წაიღებს და, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მაინც ამ მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები უნდა მიიღოს.

არსებული სტატუს-კვოს პირობებში პარლამენტიც და მთავრობაც საკმაოდ საინტერესოდ უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა ამის და იმის შესახებ, როგორ მიიღებს ქვეყანა პირველ კოალიციურ ხელისუფლებას, მომდევნო წერილებში გიამბობთ.