ვოლსკი: ოპონენტებს მოვუწოდებ, ამ რაღაც ჟივილ-ხივილს დაანებონ თავი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ საუბრობს.
Sputnik
ვოლსკი: ოპონენტებს მოვუწოდებ, ამ რაღაც ჟივილ-ხივილს დაანებონ თავი
„მე კმაყოფილი ვარ, რომ დაგვთანხმდა ოპონენტების ჯგუფი, რომ აღარ დაიჩემეს 20 მაჟორიტარი იყოსო. ალბათ თვითონაც მიხვდნენ, გეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. კარგია, რომ არ დარჩა არც ერთი შეკითხვა, რაც საარჩევნო სისტემას შეეხება, მაგრამ არის კიდევ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი. მინდა მოვუწოდო ოპონენტ მხარეს: ამ რაღაც ჟივილ-ხივილს, გამარჯვების ყიჟინას დაანებონ თავი. დროა, საქმეს მივხედოთ“, – ამბობს ვოლსკი.

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.