COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება

ბოლო მონაცემების თანახმად,  საქართველოში ამ დროისათვის 13 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ცხვირ-ხახიდან ნიმუშებს დღეს კიდევ ცხრა პაციენტს აუღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების თანახმად კი, საქართველოში ამ დროისათვის 13 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69 ადამიანი. 

კორონავირუსი საქართველოში: პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 39 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, ხოლო ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა. დღეს დილისთვის ცხრა პაციენტია, რომელთანაც  უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, რათა აუღონ ცხვირ-ხახიდან ნიმუშები“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადავიდა.