თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ის ირანიდან შემოსულ 50 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემების თანახმად კი, საქართველოში ამ დროისათვის 13 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69 ადამიანი.
„ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება არის მოსალოდნელი საქართველოშიც.
„აქ გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, როგორც ევროპის ქვეყნებს შეეფერება. მოსალოდნელია მატება, მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადაცდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადავიდა.