საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია

ინფორმაციას კიდევ ერთი დაავადებულის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს
Sputnik

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევაა.

„50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში თვლის საჭიროდ, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი“, –განუცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

საგარეო უწყება: ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს...

ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ დროისათვის 13 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69 ადამიანი. 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისათვიას უკვე 103 ათას გასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.