თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი დღეს, 7 მარტს დაიწყო. მიმდინარე პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნენ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
„დღეიდან ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს და ამით უკვე პროექტი მთლიანად დასრულდება. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა დაიწყო. პარალელურად, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების დამონტაჟებას ვიწყებთ. ასევე, ელექტროგადამცემი ბოძების, LED სანათების, ავტობუსის გაჩერებების მონტაჟს. მაისისთვის კი, ჭავჭავაძის გამზირი იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა, კახა კალაძემ.
მეოთხე ეტაპის სამუშაოები ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელების სრულად გამოცვლას, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
საერთო ჯამში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.
ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.