მსოფლიო დღეს

რონალდინიო თავისუფალია: ქალის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის საქმე ირკვევა

ABC Color-ის ინფორმაციით, პასპორტები, რომლებითაც რონალდინიომ და მისმა ძმამ პარაგვაის საზღვარი გადაკვეთეს, ქალებს ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბრაზილიის ნაკრებისა და კლუბ „ბარსელონის“ ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო, რომელიც პარაგვაის ტერიტორიაზე შესასვლელად ყალბი პასპორტის გამოყენებაში იყო ეჭვმიტანილი, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, მის გათავისუფლებას წინ უძღოდა რვასაათიანი დაკითხვა პროკურატურაში. 

​რონალდინიოს ადვოკატის ადოლფო მარინის თქმით, მის კლიენტს არ ეზღუდება ქვეყნის დატოვება, მაგრამ ყოფილმა ფეხბურთელმა პარაგვაიში დარჩენა თავად გადაწყვიტა, სანამ საქმის ყველა დეტალი არ გაირკვევა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოტელის იმ ნომერში, რომელშიც რონალდინიო და მისი ძმა რობერტო ცხოვრობდნენ, ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ მათ სახელზე გაცემული ყალბი პარაგვაული პასპორტები იპოვა.

ABC Color-ის ინფორმაციით, პასპორტები, რომლებითაც რონალდინიომ და მისმა ძმამ პარაგვაის საზღვარი გადაკვეთეს, ქალებს ეკუთვნის. ყოფილი ფეხბურთელის თავდაპირველი ჩვენების თანახმად, პასპორტი მან ჯერ კიდევ ბრაზილიაში მიიღო, თუმცა მერე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ დოკუმენტი პარაგვაის აეროპორტში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ზაფხულში სასამართლომ რონალდინიოს ბრაზილიის დატოვება აუკრძალა ჯარიმის გამო, რომლის გადახდაც მას სასამართლომ დაავალა. საქმე ჯანდაცვის ზონაში არაკანონიერ მშენებლობას ეხებოდა.