თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, რომელთა შორის ოთხი წლის ბავშვიცაა, კორონავირუსი არ დაუდგინდა, იუწყება პირველი არხი.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში პაციენტების ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს.
მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ>>
ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. აღნიშნული რვა პირიდან სამმა კლინიკას გუშინ, გვიან ღამით თავად მიმართა. ისინი გასულ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.
6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ბევრი დაწესებულება და უმაღლესი სასწავლებელი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე, შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.